რას სთავაზობს უძრავი ქონების ბაზარი მომხმარებელს

აგვისტო 19, 2018 107

სამშენებლო სფერო საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება, თუმცა პერიოდულად გარკვეული ჩავარდნები აღნიშნულ სექტორს თან ახლავს. 
ჯერ იყო და, 2008 წლის კრიზისმა მენაშენეები მნიშვნელოვნად დააზარალა და შოკური ვითარებიდან გამოსულ ბიზნესს ორი-სამი წელი დასჭირდა ძველი მაჩვენებლების დასაბრუნებლად, მალევე ამ ყველაფერს ლარი-დოლარის კურსის ცვლილება დაერთო, როდესაც ბინის შესაძენად დოლარში ბანკიდან სესხის აღებისგან ბევრი ადამიანი იკავებდა თავს.



რთული ვითარებიდან თავის დასაღწევად დეველოპერებმა ერთმანეთში კონკურენცია გაამძფრეს და სხვადასხვა შეთავაზებებით, შეღავათიანი პირობებითა თუ ნოვატორული იდეებით მომხმარებლის მოზიდვას ცდილობენ. ბოლო პერიოდში ამ სფეროში კონკურენციის ზრდას სარეკლამო 

 

კომპანიებიც ადასტურებენ. მენაშენეები პოტენციური კლიენტების მოზიდვას ახალ-ახალი პირობებით ცდილობენ. შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბაზარი, კონკრეტულად სამშენებლო სექტორი, ახალი შეთავაზებების კუთხით მნიშვნელოვნად გააქტიურებულია. 

როგორც saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპანიები საკმაოდ მარტივად ახერხებენ პირობებთან ადაპტირებას და შექმნილი ვითარებისთვის ფეხის აწყობას ცდილობენ.

,,სამშენებლო სექტორმა ძალიან მალე დაინახა მომხმარებლის საჭიროება და აქცენტებიც სწორედ ამისკენ მიმართა. უპროცენტო შიდა განვადებები, სხვადასხვა სახის ფასდაკლებები, გამწვანებული შემოსაზღვრული ტერიტორიები თუ სხვადასხვა კუთხით განვითარებული ინფრასტრუქტურა – ეს ის შეთავაზებებია, რაც მყიდველების მოზიდვას ხელს უწყობს. ბოლო დროს ახალი ტერმინებიც კი გაჩნდა სამშენებლო 

 

სექტორში. თეთრი და შავი კარკასის გარდა, ჩვენ ვხვდებით „მწვანე კარკასისა“ და „კარკასი +“-ის შემოთავაზებებს, რაც გულისხმობს ბინების ჩაბარებას გაცილებით მაღალ კონდიციაში, სხვადასხვა ფუნქციონალური დანამატებით. თუ ცოტა ხნის წინ სექტორში მხოლოდ სტანდარტული შეთავაზებები იყო, დღეს უკვე ბევრი სიახლე ინერგება. გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, რომ მომხმარებელს შესთავაზონ მიმდებარე ტერიტორიაზე აბსოლუტურად განვითარებული ინფრასტრუქტურა. შეიძლება ითქვას, ქალაქში ერთგვარი მინი ქალაქებია საბავშვო ბაღით, სამედიცინო ცენტრით, სკვერებითა და კაფე-რესტორნებით. ამასთან, ამ მხრივ კონკურენცია საკმაოდ გამძაფრებულია“, - ამბობს ლელა არაბული. 

სამშენებლო კომპანია ,,არქი ჯგუფის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი ქეთი არველაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანიაში გადაწყვეტილებას ბაზრის კვლევიდან გამომდინარე იღებენ და ახალ შეთავაზებებსაც ამის საფუძველზე აკეთებენ. 
,,გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ძირითადად ვცდილობთ, რომ მხარდაჭერა გავუკეთოთ მომხმარებელს და აქცენტი გადახდის პირობებზე გავაკეთოთ. როგორც დასრულებულ, ისე მშენებარე პროექტებში მომხმარებელს უძრავ ქონებას გრძელვადიანი განვადებით ვთავაზობთ. ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რაზეც ვმუშაობთ და ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწასაც ვაპირებთ. ჩვენი ბინები სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტზეა გათვლილი. 1 კვადრატული მეტრის ფასი 400 დოლარიდან იწყება და 3000 დოლარს აღწევს. გადახდის გრაფიკი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია და ბოლო დროს ეს განსაკუთრებით აქტუალური შეთავაზებაა“, - ამბობს ქეთი არვალაძე.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამშენებლო სექტორში სხვადასხვა სახის შეთავაზებები საკმაოდ გააქტიურებულია. 

,,ჩვენს მაგალითზეც შეიძლება ვთქვა, რომ მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიის დიდი დახურული კომპლექსების მშენებლობა რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. გამწვანებული ეზო, სკოლა, ბაღი და სხვა ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში იქნება მოწყობილი და ესეც, რა თქმა უნდა, მომხმარებლის კომფორტის შესაქმნელად კეთდება“, - აღნიშნავს ქეთი არველაძე.

სამშენებლო კომპანია M2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძეც ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აქცენტებს მრავალფეროვან შემოთავაზებასა და სექტორში შექმილ კონკურენტულ გარემოზე აკეთებს. 
,,სამშენებლო სფეროში კონკურენცია, რა თქმა უნდა, თანდათან მატულობს, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში რამდენიმე მრავალბინიანი სამშენებლო პროექტი დასრულდა და ბევრი ახალიც დაიწყო. შესაბამისად, არჩევანი მრავალფეროვანია. ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ სრულად გარემონტებული ბინები სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით. პროდუქტი მალევე ძალიან პოპულალური გახდა”, - აღნიშნავს M2-ის დირექტორი. 
ირაკლი ბურდილაძის თქმით, კომპანიის ყველა შემდგომი პროექტიც ანალოგიური სახით იქნება შეთავაზებული.
,,მოქნილი პირობები გვაქვს მათთვისაც, ვისაც სურს ძველი ბინა ახლით შეცვალოს, გადახდის სქემა 10/90 კი წინასწარი შენატანის გარეშე ბინის შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს. მომხმარებელს ყველა ჩვენს კომპლექსში ვთავზობთ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ ეზოს, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, კომპლექსის მოვლის მომსახურებას. მათ შორისაა: დაცვა, დასუფთავება, გამწვანების მოვლა”, - ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

კომპანიის დირექტორის თქმით, მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილი გადახდის სქემები. როგორც ირაკლი ბურდილაძე აღნიშნავს, M2 ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს. 
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის თქმით, სამშენებლო სექტორის ბაზარზე გაჩენილი კონკურენტული გარემო წყალს მომხმარებლის წისქვილზე ასხამს. 
,,კომპანიები ცდილობენ, პოტენციურ კლიენტებს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნან. შემოთავაზებები საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა: ზოგი გარემონტებულ სახლსა და ჩაშენებულ სხვადასხვა სახის ავეჯს, ზოგი კი გამწვანებულ ეზოსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს. მომხმარებელს მსგავსი პირობების მიმართ მოთხოვნილება სულ ჰქონდა, უბრალოდ კომპანიები ამ მხრივ ცოტა ხნის წინ პასიურობდნენ. დღეს მყიდველს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, უღირს თუ არა დამატებით მომსახურებაში თანხის გადახდა. ფაქტია, რომ მომხმარებელი მეტ ყურადღებას აქცევს გარემოს. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება და შემოთავაზებების ნუსხის გაზრდა აქტუალური გახდა”, - აღნიშნავს როსტომაშვილი. 
მისი თქმით, კონკურენცია ბაზარზე ფასის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს და თანდათან ბინის ღირებულება რეალურ ნიშნულს მიუახლოვდება. 
,,კონკურენცია არის ერთადერთი გზა ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ბაზარი თანდათან გაიცხრილება და დარჩებიან ის კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს უფრო კარგ, მრავალფეროვან და იაფ მომსახურებას შესთვაზებენ”,- აღნიშნავს როსტომაშვილი.

Rate this item
(0 votes)
Last modified on კვირა, 19 აგვისტო 2018 18:24